Saturday, March 18, 2017

პროექტი
პროექტის სახელწოდება: ,,მუხრანული ფოლკლორი“
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები მოიძიებენ სოფელში არსებულ ხალხური შემოქმედების ნიმუშებს, რომლებიც დღემდე უცნობია, მოსახლეობაშია გაბნეული. ეს შეიძლება იყოს: ლეგენდა, თქმულება, ბალადა, შელოცვა, ზღაპარი, ანდაზა, ლექსი თუ სხვა ტიპის ნიმუში. შეისწავლიან თითოეულს და გააცნობენ საზოგადოებას.
პროექტის აქტუალობა: მუშაობის პროცესში მოსწავლეები უკეთ გაეცნობიან ჩვენი სოფლის ისტორიულ წარსულს, ტრადიციებს, სოფლის დაარსების ისტორიას, ყოველდღიურ ყოფას, საყოფაცხოვრებო პრობლემებს და სხვა.
მოსწავლეთა ასაკი: მეშვიდე კლასი, 25 მოსწავლე.
ვადები და ხანგრძლივობა: ერთი თვის განმავლობაში (25 მარტიდან, 25 აპრილის ჩათვლით).
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები უკეთ გაიაზრებენ ფოლკლორის, ხალხური შემოქმედების არსს, მის მნიშვნელობას. ისწავლიან ხალხთან თანამშრომლობის კულტურას, მოსმენას, აზრის გაზიარებას, ურთიერთპატივისცემას. პატრიოტულ სულისკვეთებას გაუღვივებს საკუთარი სოფლისა და ხალხის მიმართ. გაიმდიდრებენ ლექსიკას, ზეპირი მეტყველების უნარს, პრეზენტაციისა და წერის კულტურას. მიეჩვევიან საჭირო ტექნიკის გამოყენებას.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფოტოაპარატი, ტელეფონი, კომპიუტერი, დიდი ფორმატის ფურცლები, სამუშაო ფურცლები, მარკერები, საწერი კალმები და სხვა.
პროექტის მსვლელობა: წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით კლასს ვყოფ ხუთკაციან ჯგუფებად, რომლებიც პროექტის მიხედვით გათვალისწინებულ სამუშაოებს შეასრულებენ.
პირველი ჯგუფის დავალება იქნება: მოიძიონ ხალხური შემოქმედების ნიმუშები, ჩვენს სოფელში არსებული ისტორიული ძეგლების შესახებ. ისინი ერთი კვირის განმავლობაში იმუშავებენ, გაესაუბრებიან სოფლის მაცხოვრებლებს და შესაბამის ინფორმაციას შეაგროვებენ.
მეორე ჯგუფი ძირითადად იმუშავებს ხალხში არსებულ იმ ფოლკლორულ ნიმუშების შეგროვებაზე, რომლებიც სოფლის მცხოვრებთა ყოველდღიური ყოფა-ცხოვრების ამსახველი იქნება.
მესამე ჯგუფი იქნება შეფასების ჯგუფი, რომელიც იმუშავებს მოპოვებული მასალის დამუშავება-დახარისხებაზე.
მეოთხე ჯგუფი იზრუნებს მოპოვებულ მასალაზე დაყრდნობით გამოუშვას რამდენიმე ნომერი კლასის გაზეთი სახელწოდებით ,,მუხრანული ფოლკლორი“.
მეხუთე ჯგუფის დავალება იქნება გამორჩეულ მასალაზე დაყრდნობით დაწერონ სცენარი და ჩაატარონ კლასთან ერთად ღონისძიება თემაზე: ,,მუხრანი ისტორიული სოფელია“.
საგნებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მოსწავლეები ითანამშრომლებე ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებელთან.
სტანდარტი: მოსწავლეს შეუძლია უცნობი ინფორმაციის შემცველი ტექსტების მოსმენა და ზეპირი ინფორმაციის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
პროექტის ხელმძღვანელი: ლიანა ავანაშვილი
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: liaavanashvili@gmail.com


No comments:

Post a Comment